თბილისის გრან პრი: ისტორიული ქართული პოდიუმი

30 მარტი 2018

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში - თბილისის გრან პრი, რომელშიც 38 ქვეყნის 302 სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრების პირველ დღეს ისტორიული ამბავი მოხდა - 60 კგ წონით კატეგორიის პოდიუმი მთლიანად ქართველმა ძიუდოისტებმა დაიკავეს. ოქროს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელი ამირან პაპინაშვილი ვაზარით (დამატებით დროში) დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ.  ჩადუნელმა სამედლო ბრძოლა აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადას იპონით მოუგო,  ნოზაძემ -  რუს ალბერტ მონგუშს.

მომდევნო, 66 კგ კატეგორიაში ფინალური ბრძოლა ვაჟა მარგველაშვილსა და ბრაზილიელ  დანიელ კარგნინს შორის გაიმართა. ქართველმა ფალავანმა დამატებით დროში დაჯაბნა მეტოქე და ოქროს მედალს დაეუფლა. ამავე წონაში მოასპარეზე  ლაშა გიუნაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა.