ძიუდო: 10 მედალი 2 დღეში

31 მარტი 2018

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები წარმატებით გამოდის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე. ჩვენი გუნდის წევრებმა 2 დღეში 10 მედლის მოპოვება შეძლეს.

ტურნირის მეორე დღეს ჩვენმა ფალავნებმა კიდევ ორ წონაში გაიმარჯვეს - 73 კგ კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. მას ფინალში 1 წუთი და 49 წამი დასჭირდა თანაგუნდელის - ფრიდონ გიგანის დასამარცხებლად.

81 კგ წონაში ჩემპიონი გახდა ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი თამაზ კირაკოზაშვილი. მან საჩემპიონო ბრძოლა  2 წუთსა და 52 წამში მოუგო პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მიიღო  ნუგზარ ტატალაშვილმა, რომელმაც რეპეშაჟის ფინალში თანაგუნდელ კობა მჭედლიშვილს იპონით სძლია.

ქალთა შეჯიბრებაში თავი გამოიჩინა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონმა, 17 წლის მარიამ ჭანტურიამ  (70 კგ), რომელიც პირველად გამოდიოდა მოზრდილთა ტურნირში. მარიამმა გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის მესამე რიზიორს, გერმანელ ზაუნდრა დიდრიხს აჯობა.

თბილისის ტურნირი ხვალ დასრულდება.