ფხენიანში თომას ბახის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა

31 მარტი 2018

საერთაშორისო ოლმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა და ქვეყნის ლიდერს - კიმ ჩენ ინს შეხვდა. ისტორიული შეხვედრის ძირითადი განსახილველი თემა 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა გახლდათ.

„კორეელებმა დამიდასტურეს, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, ისევე როგორც 2022 წლის პეკინის ზამთრის თამაშებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ", - განაცხადა თომას ბახმა, - კიმ ჩენ ინი სრულად გვიჭერს მხარს. მან სპორტი თავისი პოლიტიკის ნაწილად მოიხსენია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის განვითარებისკენაა მიმართული. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ქვეყნის ლიდერი მშვენივრად ათვითცნობიერებს, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს სპორტმა საზოგადოების განათლებაზე და ჯანმრთელობაზე."

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრამდე თომას ბახმა მოინახულა ფხენიანის რამდენიმე სპორტული ობიექტი, ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელობაზე ესაუბრა ადგილობრივ სპორტსმენებს, მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელებთან.