სეოკ-ი იუბილეს ულოცავს რობერტ შავლაყაძეს და ლერი გოგოლაძეს

01 აპრილი 2018

1 აპრილი ორი დიდი ქართველი ოლიმპიელის - რობერტ შავლაყაძისა და ლერი გოგოლაძის დაბადების დღეა. ბატონ რობერტს 85 წელი შეუსრულდა, ბატონ ლერის - 80.

რობერტ შავლაყაძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სპორტში, უნიკალური და განუმეორებელია მისი მიღწევები მძლეოსნობაში - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაში. მან შორეულ 1960 წელს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - სიმაღლეში ხტომაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, თანაც ოლიმპიური რეკორდი დაამყარა - 216 სმ. რომის ოლიმპიურ სტადიონზე ნაჩვენები ეს შედეგი ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი სპორტის ისტორიაში.

 რობერტ შავლაყაძეს, არაერთი სხვა დიდი ტურნირის გამარჯვებულსა და პრიზიორს, მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, ის არის ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი, გამორჩეული და დაფასებული პიროვნება ქართულ სპორტში.

ასევე გამორჩეული და მნიშვნელოვანია ჩვენი მეორე იუბილარის - ლერი გოგოლაძის ღვაწლი, რომელმაც ყველაზე დიდი სპორტული გამარჯვება ასევე რომის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. ის გახლავთ წყალბურთელთა პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით თამაშობდა თბილისის „დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მსოფლიოში. 1960 წელს გახდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, არაერთხელ იყო საერთაშორიოს შეჯიბრებებისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების პრიზიორი. მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება, არის ღირსების ორდენის კავალერი.

აქტიური სპორტული საქმიანობის შემდეგ, ლერი გოგოლაძემ თავი გამოიჩინა, როგორც თვალსაჩინო მეცნიერმა და ორგანიზატორმა. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრას, იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი რობერტ შავლაყაძეს და ლერი გოგოლაძეს გულითადად ულოცავს სახელოვან იუბილეს,  უსურვებს მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს.