საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა

01 აპრილი 2018

ტარგუ ჟიუში (რუმინეთი) გამართული 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი ფრიად წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. რუმინეთის რინგზე საქართველოს ნაკრების 8 წარმომადგენელი გავიდა და მათმა ნახევარმა მედლები დაისაკუთრა, ხოლო სამმა  ფინალში იასპარეზა. მათ შორის საუკეთესო იყო 22 წლის ლაშა გურული (64 კგ), რომელიც  ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში  და შარშანდელი ვერცხლის შემდეგ, აჯერად ოქროს მედალი მოიპოვა.  ქართველმა მოკრივემ ფინალში თურქეთის წარმომადგენელ ტურგულხან ერდემირს ქულებით - 4:1 სძლია.

ვერცხლის მედალი დაიმსახურა 19 წლის სახილ ალახვერდოვმა (49 კგ), რომელიც ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ისლამ აბუმუსლიმოვთან დამარცხდა. ფინალში გავიდა 21 წლის გიორგი ხარაბაძეც (75 კგ). ის უკრაინელ ალექსეი ტოკარჩუკთან დამარცხდა და ასევე ვერცხლის ჯილდო დაიმსახურა.   

ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ოთარ ნავერიანმა (60 კგ).

ამგვარ  შეჯიბრებაში ქართველ მოკრივეებს ასეთი წარმატებისთვის აქამდე არასოდეს მიუღწევიათ.