ქართველ ძალოსანთა ისტორიული შედეგი

01 აპრილი 2018

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია. მედლების ხარისხითა და რაოდენობით საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპული ფიცარნაგი საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ ქართველმა ძალოსნებმა არაერთი პირადი შედეგი გააუმჯობესეს, რაც მომავალი ასპარეზობებისთვის იმედიანად განგვაწყობს.

აღსანიშნავია, რომ ათიდან  ოთხი ოქრო  ორჭიდის ჯამშია მოპოვებული. პირველ ასეთ წარმატებას მიაღწია 2017 წლის ანაჰაიმის (აშშ) მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა შოთა მიშველიძემ (62 კგ). ასევე ევროპის ჩემპიონები გახდნენ რევაზ დავითაძე (85 კგ) და ანაჰაიმის მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორი ანასტასია გოტფრიდი(90 კგ.).

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა კონტინენტის პირველობის დასკვნითი დღე და ქართველ მძიმეწონოსანთა ასპარეზობა. ევროპის ჩემპიონი და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირაკლი თურმანიძე ამჯერად მხოლოდ ატაცში აღებულ ვერცხლს დასჯერდა.

კულმინაცია იყო ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გამოსვლა. ტიტულოვანი ქართველი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

საგულისხმოა, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, კონტინენტის ჩემპიონატზე მძიმე წონაში ქართველი ძალოსნები იმარჯვებენ. 2015 წელს ჩემპიონი თურმანიძე გახდა, შემდეგ კი სადავეები ტალახაძემ აიღო.

ბრინჯაოს მედლებით გუნდურ პირველ ადგილში საკუთარი წვლილი შეიტანეს გოდერძი ბერდელიძემ (56 კგ) და თათია ლორთქიფანიძემ (69 კგ), რომლებმაც საპრიზო ადგილები ატაცსა და აკვრაში დაისაკუთრეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე  ჩვენი ძალოსნების გამოსვლა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს: „ჩვენს ჩემპიონებს და პრიზიორებს, ნაკრების მწვრთნელებს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ვულოცავ ბუქარესტში მოპოვებულ დიდ გამარჯვებას. ეს მართლაც ისტორიული შედეგია, რომელიც ხანგრძლივ გეგმაზომიერ მუშაობას, თავდადებულ შრომას და პროფესიონალიზმს მოაქვს. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით, ჩვენი ძალოსნები ქართულ სპორტში უკვე ლიდერთა შორის არიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებში ადგილს იმკვიდრებენ ახალგაზრდა, უდავოდ ნიჭიერი სპორტსმენები, რომლებიც, იმედია, არა მხოლოდ  მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიას მოიპოვებენ, არამედ ტოკიოში ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოლებენ. რაც შეეხება, გუნდის ლიდერს ლაშა ტალახაძეს, მას ევროპაშიც და მსოფლიოშიც სერიოზულ კონკურენციას ვერავინ უწევს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლაშამ სპორტში ყველა სიმაღლე დალაშქრა, თუმცა, შეიძლება ითქვას,  სპორტული კარიერა ჯერ კიდევ  წინ აქვს. ლაშა ტალახაძეს და საქართველოს ნაკრების თითოეულ წვევრს მინდა ვუსურვო შემდგომი სპორტული წინსვლა და ახალი გამარჯვებები."