კონკურსი ლოგოს შექმნაზე

02 აპრილი 2018

 

 

 "საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - მომავალი ოლიმპიელები" ლოგოს შექმნაზე კონკურსის

                                                დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

1.  კონკურსს ატარებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

2.  კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი, ავტორთან ამ დებულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, ხდება სეოკ-ის საკუთრება.

3.  "საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - მომავალი ოლიმპიელები" - სასკოლო ასაკის (14-17 წწ.) ახალგაზრდების შეჯიბრებაა რეგიონებს შორის სპორტის 15-მდე სახეობაში და ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, ლოგო უნდა იყოს უნივერსალური და მასზე ფესტივალის ჩატარების წელი და კონკრეტული ადგილი მითითებული არ უნდა იყოს.

4.  ლოგოში ასახული (გამოყენებული) უნდა იყოს სეოკ-ის ემბლემა. ოლიმპიური ხუთი რგოლის ცალკე გამოყენება იკრძალება.

5.  ნამუშევრებში წარმოდგენილი უნდა იყოს სლოგანი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ან მხოლოდ ქართულად), რომელიც არ შეიძლება იყოს სამ სიტყვაზე მეტი.

6.  ერთ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს ლოგოს არაუმეტეს 3 ვარიანტი.

7.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ავტორის სახელი და გვარი მითითებული უნდა იყოს საკონკურსო ნამუშევრის მეორე გვერდზე. ავტორი ცალკე წარმოადგენს აგრეთვე პირად მონაცემებს: სახელი და გვარი, დაბადების წელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი.

8.  საკონკურსო ნამუშევრების მიღება იწარმოებს 2018 წლის 1 ივნისიდან 15 ივნისამდე სეოკ-ის პრესსამსახურში (თბილისი, მაჩაბლის ქ. 11).

9.  კონკურსის შედეგებს შეაჯამებს სეოკ-ის პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი სპეციალური ჟიური და შესაბამისი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინება სეოკ-ის აღმასკომს.

10. კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა 1500 ლარი (დღგ-ს გარეშე) და დაჯილდოვდება შესაბამისი დიპლომით.

11. კონკურსში II-III ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან შესაბამისი დიპლომებით და სეოკ-ის მიერ ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურით.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.