2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე პრეტენზიას 7 ქვეყანა აცხადებს

03 აპრილი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომელებსაც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი აქვთ. ეს ქვეყნებია: ავსტრია (გრაცი), კანადა (კალგარი), იტალია (კორტინა დ'ამპეცო/მილანი/ტურინი), იაპონია (საპორო), შვეცია (სტოკჰოლმი), შვეიცარია (სიონი) და თურქეთი (ერზრუმი).  

ამ შვიდი ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა ოფიციალური  წერილით უკვე მიმართეს IOC-ს და დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა, ჩაერთონ საოლიმპიადო-საარჩევნო მარათონში.

„მივესალმები ქალაქების და ოლიმპიური კომიტეტების ინტერესს ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი არ არის მივიღოთ კანდიდატების რეკორდული რაოდენობა. ჩვენი მიზანია ავირჩიოთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო დედაქალაქი და ჩავატაროთ საუკეთესო ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებისთვის," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

კანდიდატ ქვეყნებს IOC-ი ოფიციალურად ოქტომბერში დაასახელებს, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის ვინაობა კი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბერში, სოკ-ის სესიაზე, საარჩევნო პროცედურის დასრულების შემდეგ.