ჯანო ბაგრატიონი 80 წლისაა

04 აპრილი 2018

80 წელი შეუსრულდა წარსულში სახელოვან ხელბურთელსა და მწვრთნელს, ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანს და საპატიო პრეზიდენტს, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს  ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონს.

წარმატებული სპორტული და სამწვრთნელო საქმიანობის დასრულების შემდეგ,  ბატონი ჯანო მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს,  როგორც ერთ-ერთი აღიარებული ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი.

ჯანო ბაგრატიონი რვა წლის განმავლობაში  სათავეში ედგა  ქართულ ოლიმპიურ მოძრაობას, მისი ინიციატივითა და თაოსნობით  განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყანაში მაღალი მიღწვების სპორტის განვითარებისთვის, ოლიმპიზმის პოპულარიზაციისთვის, ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელების წარმოჩინებისთვის.

 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ჯანოს 80 წლის იუბილეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი