ოლიმპიადა-2026: ერზრუმის შანსები

05 აპრილი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის მსურველთა შორის ოფიციალურად დადასტურებული ერზრუმის კანდიდატურის შემდეგ, თურქეთში ფიქრობენ, რომ ოლიმპიადის მისაღებადმზად არიან.

თურქეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, მათი პროექტი სრულიად თავსებადი იქნება IOC-ის ოლიმპიური დღის წესრიგი 2020"-თან (ოლიმპიური მოძრაობის ერთგვარი სახელმძღვანელო რუკა) და რეფორმების "ახალ ნორმებთან", რომლებიც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლის ხარჯების შემცირებისკენ არის მიმართული.

კერძოდ, ოლიმპიური დღის წესრიგი 2020" და "ახალი ნორმები" მასპინძლობის მსურველ ქალაქებში ძირითადი ინფრასტუქტურის არსებობას თავიდანვე მოითხოვს, ისევე როგორც - ოლიმპიადის შემდეგ მათ გამოყენებას. ამასთან, განაცხადს ზურგს უნდა უმაგრებდეს ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერაც.

ერზრუმს 2011 წელს უმასპინძლია ზამთრის უნივერსიადისთვის, 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის; შორტ ტრეკში მსოფლიო თასისთვის, სამთო თხილამურებში კონტინენტური თასისთვის და სნოუბორდის მსოფლიო თასისთვის.

გარდა ერზრუმისა, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის მსურველებს შორის არიან გრაცი (ავსტრია), კალგარი (კანადა), კორტინა დ'ამპეცო/მილანი/ტურინი (იტალია), საპორო (იაპონია), სტოკჰოლმი (შვედეთი) და სიონი (შვეიცარია).

კანდიდატ ქვეყნებს IOC-ი ოფიციალურად ოქტომბერში დაასახელებს, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის ვინაობა კი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბერში, სოკ-ის სესიაზე, საარჩევნო პროცედურის დასრულების შემდეგ.