ბუენოს აირესი-2018-ის მოხალისეთა შერჩევა მიმდინარეობს

18 აპრილი 2018

ბუენოს აირესის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობისთვის 130 ქვეყნიდან 35 ათასზე მეტი განცხადება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 35 274 კანდიდატიდან 73 პროცენტი არგენტინიდანაა. შემდეგ მოდიან ბრაზილია, ვენესუელა, კოლუმბია, ჩილე, ბოლივია და პერუ. 63 პროცენტის ასაკი 18-დან 35 წლამდე მერყეობს, ხოლო 16 აპლიკანტის ასაკი 76 წელს ზევითაა. ამასთან, მოხალისეობის მსურველთა 55 პროცენტი კაცია.

მოხალისეთა განაცხადის მიღება შარშან, 5 დეკემბერს დაიწყო და 31 მარტს დასრულდა. ახლა 8 ათასი მოხალისის შერჩევა მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანდიდატის განათლებას, ენების ცოდნას, დიდ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილებას და ორიენტაციულ უნარს.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში (2018 წლის 6-18 ოქტომბერი)  206 ქვეყნის 3 998 სპორტსმენი იასპარეზებს.