ტოკიო-2020-მა ოლიმპიური ჩირაღდნის მარშრუტის კონცეფცია გამოაქვეყნა

19 აპრილი 2018

ტოკიოს  ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური ჩირაღდნის მარშრუტის კონცეფცია გამოაქვეყნა.

ტოკიო-2020-ის ცნობით, ოლიმპიური ჩირაღდანის მარშრუტი სრულად მოიცავს იაპონიის ორმოცდაშვიდივე პრეფექტურას, მათ შორის ეწვევა 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ ტოჰოკუს რეგიონს. ოლიმპიური ცეცხლის ერთგვარი გზავნილი იქნება მსოფლიოში მშვიდობისა და იმედის გაღვივება. დევიზი კი ასე ჟღერს: „იმედი გზას გვინათებს".

ტოკიო-2020 ოლიმპიური ჩირაღდანის მარშრუტის სტარტის ადგილს და სხვა დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს. მარშრუტი იმის მიხედვით იქნება შედგენილი, რომ ჩირაღდნის ხილვის საშუალება, შეძლებისდაგვარად, მეტ ადამიანს მიეცეს.