სეოკ-ში გაიმართა საგანმანათლებლო ოლიმპიური პროექტის დასკვნითი ღონისძიება

19 აპრილი 2018

სეოკ-ის შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - ოლიმპიზმის" დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის  18 საჯარო სკოლის 100-მდე  მოსწავლემ. ამ საგანმანათლებლო პროექტის  მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია მოსწავლეთა შორის.

ღონისძიებას უძღვებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში ქეთევან ლოსაბერიძე და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი. პრეზენტაციებს დაესწრნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ოლიმპიურ თემატიკაზე, ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე, ცალკეულ ოლიმპიურ ჩემპიონებზე. სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ავტორებს გადაეცათ სეოკ-ის სამახსოვრო საჩუქრები. სპეციალური საჩუქრები მიიღეს აგრეთვე პრეზენტაციის შემდეგ მოწყობილ საგანგებო ოლიმპიურ ვიქტორინაში გამარჯვებულებმა. ბოლოს, მოსწავლეებმა და სეოკ-ის სხვა სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.

„ოლიმპიური კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს შორის ოლიმპიზმის იდეების გავრცელებას. დღევანდელი ღონისძიებაც ჩვენი გრძელვადიანი ამოცანის შესასრულებლად  გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო. მოსწავლეებმა ოლიმპიური ისტორიის საკმაოდ კარგი ცოდნა გამოავლინეს, რაც მისასალმებელი ამბავია. ვფიქრობთ, განათლების სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით,  შევძლებთ ამ პროექტის გაფართოებას და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეების ჩართვას,"- აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.