თომას ბახი დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას გამოარჩევს

19 აპრილი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ზაფხულის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (ASOIF) წარმომადგენლებს დოპინგთან უფრო მკაცრი ბრძოლისკენ მოუწოდა. ბახმა სანიმუშოდ მოიყვანა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF), რომელმაც ახლახანს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის რიგ ქვეყნებს კვოტები დაუწესა.

„ზოგიერთი საერთაშორისო ფედერაცია ეროვნული ფედერაციების მიმართ სანქციებს განიხილავს და ამ მხრივ მინდა გამოვყო IWF-ის მიდგომა, რომელმაც ტოკიოს თამაშებზე  და მსოფლიო ჩემპიონატზე კვოტები დაუწესა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ანტისადოპინგო წესების დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. IOC-ის აღმასკომი მიესალმება ამგვარ მიდგომას და მხარს ვუჭერთ. იმედია, ტოკიოს თამაშებამდე ისეთივე წარმატებული დოპინგტესტირების პროგრამა გვექნება, როგორიც იყო პიონჩანგში. ყველაფერს ვიღონებთ, რომ თამაშების წინ თაღლითები გამოვიჭიროთ," - აღნიშნა თომას ბახმა.