თომას ბახის თქმით, კიბერსპორტი ვერასდროს გახდება ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი

21 აპრილი 2018

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კიბერსპორტის შესაძლო ჩართვაზე განმარტება გააკეთა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა.

კიბერსპორტსმენები ისეთ ფიზიკურ აქტივობას გვაჩვენებენ, რომელიც დამახასიათებელია ზოგიერთი სპორტის ტრადიციული სახეობისთვის, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ კიბერსპორტი ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებებს იზიარებდეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მკაფიო საზღვრების გავლება", - ამბობს თომას ბახი.

ადრე გაცხადებული ცნობის თანახმად, კიბერსპორტი, შესაძლოა, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეეტანათ, მაგრამ IOC-ის პრეზიდენტის თქმით, ძალადობისა და სისასტიკის პროპაგანდის მქონე თამაშები ვერასდროს გახდება ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი.

ოლიმპიური თამაშები ყოველთვის ღიაა სპორტის ახალი სახეობებისთვის, მაგრამ არც საკუთარი ფესვები უნდა დავივიწყოთ. ისიც გვესმის, რომ მხოლოდ ტრადიციებს ვერ დავეყრდნობით. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ახალ სახეობას 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ექნება დებიუტი", - დასძენს IOC-ის პრეზიდენტი.

თომას ბახს ადრეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კიბერსპორტი არასდროს მიაჩნდა სპორტის ნამდვილ სახეობად და მის გამოჩენას არ უნდა ველოდოთ ოლიმპიადებზე.