ANOC-მა და GAISF-მა მემორანდუმი გაააფორმეს

22 აპრილი 2018

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) პრეზიდენტმა, შეიხმა აჰმედ ალ-ფაჰად ალ-აჰმედ ალ-საბაჰმა და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გლობალური ასოციაციის (GAISF) პრეზიდენტმა პატრიკ ბაუმანმა ბანგკოკში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ასევე მოიცავს ქვიშის მსოფლიო თამაშების ერთობლივ ორგანიზებას 2019 წლის შემდგომ პერიოდში. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი.  დოკუმენტში საუბარია საპლაჟო სპორტის მზარდ პოპულარობაზე და ქვიშის მსოფლიო თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები ANOC-ის ორგანიზებით 2019 წლის ოქტომბერში სან დიეგოში (აშშ) გაიმართება, სავარაუდოდ - სპორტის 15 სახეობის 17 დისციპლინაში. ამის შემდეგ თამაშები რეგულარულად ჩატარდება ორ წელიწადში ერთხელ.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გავაფორმეთ მნიშვნელოვანი მემორანდუმი GAISF-თან, რაც გულისხმობს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავებას IOC -ის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ქვიშის მსოფლიო თამაშებს უდიდესი პოტენციალი აქვს და გვსურს მივაღწიოთ მის მდგრად განვითარებას," - განაცხადა შეიხმა აჰმედ ალ-ფაჰად ალ-აჰმედ ალ-საბაჰმა.