საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ნავალ ელ მუტავაკელი სეოკ-ში

25 აპრილი 2018

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  წევრს, მაროკოელ  ნავალ ელ მუტავაკელს, რომელსაც ახლდნენ „მაროკო-2026"-ის მხარდამჭერი კომიტეტის წარმომადგენელი სამირა სიტაილი და  საქართველოში მაროკოს სამეფოს საპატიო კონსული მიხეილ ალხანიშვილი.  შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი  რუსუდან აფციაური.

ლერი ხაბელოვმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია სეოკ-ის საქმიანობის, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის განვითარების, ქართველ სპორტსმენთა წარმატებების შესახებ.

თავის მხრივ, ნავალ ელ მუტავაკელმა მასპინძლებს მოკლედ გააცნო მაროკოს სპორტის ისტორია, ისაუბრა თავისი ქვეყნის ამბიციურ პროექტზე, იბრძოლოს ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად. „სხვა სამუშაოებთან ერთად, ამჟამად მე ვასრულებ „მაროკო-2026"-ის მხარდამჭერი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას და საქართველოში ჩემი ვიზიტიც სწორედ იმას ემსახურება, რომ თქვენს ფეხბურთის ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს, სხვა ორგანიზაციებს ვესაუბრო ჩვენს დიდ გეგმებზე," - განაცხადა სეოკ-ის საპატიო სტუმარმა.

***

ნავალ ელ მუტავაკელი მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელია. ის იყო 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების  ჩემპიონი 400 მეტრზე წინაღობებით რბენაში, 2008-2012 წლებში შედიოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში, 2012-2016 წლებში მუშაობდა IOC-ის ვიცე-პრეზიდენტად, ხელმძღვანელობდა 2012 წლის ლონდონისა და 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების IOC-ის  შემფასებელ კომისიას, თავმჯდომარეობდა IOC-ის სხვადასხვა კომისიებს. 1995 წლიდან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) მმართველი საბჭოს წევრია.