AIBA გამჭვირვალეობისკენ ისწრაფვის

27 აპრილი 2018

სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (AIBA) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელ საბჭოს შიდა რეფორმების შესახებ მოხსენება წარუდგინა.

კრივის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ტომ ვირგეტსის განმარტებით, კრივის მსოფლიო მმართველი ორგანიზაცია „ყველა დონეზე გამჭვირვალეობისკენ ისწრაფვის და გარკვეულ შედეგებსაც აღწევს."

AIBA-ას ამგვარი სახეცვლილების მიზეზი IOC-ის მკაცრ შეფასებებში უნდა ვეძებოთ. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი AIBA-ს მმართელობით მეტად უკმაყოფილოა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების პროგრამიდან კრივის ამოღების შესაძლებლობასაც კი განიხილავს.

ამასთან დაკავშირებით IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა თებერვალში, პიონჩანგში გამართული IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა, მათ შორის _ AIBA-ს მმართველობასთან, ფინანსებთან, ანტისადოპინგო საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არცთუ სანდო რეპუტაციის მქონე უზბეკი გაფურ რახიმოვის დანიშვნაზეც.