საპოროში ოლიმპიური თამაშების მეორედ მასპინძლობაზე ფიქრობენ

28 აპრილი 2018

საპოროს (იაპონია) სპორტის საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, ტოშია იშიკავას თქმით, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის სამასპინძლოდ ბრძოლაში ჩაბმა-არჩაბმის საკითხი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გადაწყდება.

მართალია, საპოროში ამ ეტაპზე 2026 წლის ოლიმპიადის მიღებით არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ასევე ფიქრობენ, რომ 2030 წლის  თამაშებისთვის ბრძოლა შესაძლოა უფრო გამართლებული იყოს: იმ დროისთვის ჰშინკასენის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა უკვე დამთავრებული იქნება.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ჰოკაიდოს პრეფექტურის დედაქალაქ საპოროს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვს - 1972 წელს სწორედ აქ ჩატარდა ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრება.

საპოროს მსგავსად, 2026 წლის თამაშებისთვის სამასპინძლოდ ბრძოლის მართებულობას შვეიცარიის სიონშიც მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად უპასუხებენ.

ოლიმპიადის ჩატარებით ასევე დაინტერესებულნი არიან: გრაცი (ავსტრია), კალგარი (კანადა), იტალიის კორტინა დ'ამპეცოს, მილანისა და ტურინის სამეული, აგრეთვე სტოკჰოლმი (შვედეთი) და ერზრუმი (თურქეთი).

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი 2019 წლის სექტემბრის IOC-ის სესიაზე გამოვლინდება.