ბუენოს აირესი-2018-ის მედლის დიზაინის საბოლოო ვარიანტი შერჩეულია

30 აპრილი 2018

ბუენოს აირესის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი 1200-ზე მეტი მედლის დიზაინი შეირჩა.

მედლის წინა ნაწილის დიზაინი 18 წლის ინდონეზიელი მუჰამად ფარიდ ჰუსენის მიერაა შემუშავებული, ხოლო რევერსი ბუენოს აირესი-2018-ის გრაფიკოს-დიზაინერთა გუნდის წევრმა, 24 წლის არგენტინელმა ფერმინ იგარეტამ შექმნა.

მედლის დიზაინის ერთგვარი შთაგონების წყარო  ფოიერვერკია, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ენთუზიაზმსა და დიდებას.

მედლის წინა მხარე გვაჩვენებს ცეცხლოვან ფოიერვერკს, რომელიც ხუთ ოლიმპიურ რგოლში ნაკადად მიედინება და მასზე ამოტვიფრულია: Buenos Aires 2018 Youth Olympic Games.

ცეცხლოვანი ნაკადი გრძელდება მედლის უკანა მხარეს, სადაც  ის ერთ ფორმად გარდაიქმნება. გარდა ამისა, მასზეც ამოიკითხავთ თამაშების ოფიციალურ სახელს.

მედლის  ავერსის საუკეთესო დიზაინი 50-ზე მეტი ქვეყნის დიზაინერთა 300 საკონკურსო ნამუშევრიდან შეირჩა.

მედლის დიამეტრი 80 მილიმეტრია.