სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის ოლიმპიური კვლევებისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას გაეცნო

30 აპრილი 2018

კიევში სამსახურებრივი მივლინებით მყოფი საქართველოს ეროვნული ეროვნული კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გაეცნო უკრაინის ოლიმპიური კვლევებისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას. ეს ცენტრი მოქმედებს უკრაინის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე და სარგებლობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისა და უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.

სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორებმა, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა - მარია ბულატოვამ და ვლადიმერ პლატონოვმა. ეს ცენტრი სწორედ სპორტის ცნობილი მკვლევარისა და თეორეტიკოსის ვლადიმერ პლატონოვის ინიციატივით შეიქმნა, ამჟამად კი მას მარია ბულატოვა ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად სათავეში უდგას უკრაინის ოლიმპიურ აკადემიას და  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნული უნივერსიტეტის სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის კათედრას.

მარია ბულატოვამ კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს ეოკ-ი დაინტერესდა მათი საქმიანობით, ასევე  გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის სურვილი: „ეს ცენტრი 1992 წელს დაარსდა და ისეთი წარმატებით განვითარდა, რომ 2013 წელს საერთაშორისო სტატუსი  მიენიჭა, - აღნიშნა ბულატოვამ, - ჩვენი ძირითადი ამოცანებია ოლიმპიზმის ფასეულობების პოპულარიზაცია, სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის კვლევა, ოლიმპიური განათლების განვითარება და ამ პროცესში მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობის ფართოდ ჩართვა. ამ მიზნით გამოვცემთ სამეცნიერო-მეთოდურ  სახელმძღვანელოებს, ენციკლოპედიებს, თემატურ კრებულებს, პერიოდულ ალმანახებს, სამეცნიერო წიგნებს და ნაშრომებს სპორტისა და ოლიმპიზმის ფუნდამენტურ საკითხებზე."

შეხვედაზე ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებული  გამოცდილების ურთიერთგაზიარების, შემდგომი  თანამშრომლობის აუცილებლობაზე. შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ოლიმპიური კვლევებისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელები  წლეულს, ოქტომბერში ეწვევიან  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. 

„ეს ცენტრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, აქვს საკუთარი გამომცემლობა, გამოუშვა ათეულობით წიგნი ოლიმპიურ თემატიკაზე, მათ შორის - საერთაშორისო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დაკვეთით. ამ მიმართულებით ჩვენს კომიტეტსაც საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა, უკრაინელ კოლეგებთან  თანამშრომლობის გააქტიურება  კი ნამდვილად წაადგება საერთო საქმეს. მაგალითად, სეოკ-ის დაარსების  30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც გაისად აღინიშნება,  გამოსაცემად ვამზადებთ „დიდ ოლიმპიურ წიგნს." უკრაინული მხარე მზად არის მოგვაწოდოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და ვიზუალური მასალა," - განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ცენტრის ხელმძღვანელებს მადლობა გაგაუხადა გულითადი მასპინძლობისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ მარია ბულატოვამ ელგუჯა ბერიშვილს უსახსოვრა ცენტრის მიერ ბოლო წლებში გამოცემული ოლიმპიური ლიტერატურა.