IOC-მა უკრაინა რუსეთში ჩასატარებელი შეჯიბრებების ბოიკოტის გაუქმების აუცილებლობაში დაარწმუნა

06 მაისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უკრაინის ხელისუფლება თავისი ქვეყნის სპორტსმენებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ჩასატარებელ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის გაუქმების აუცილებლობაში დაარწმუნა.

„უკრაინის სპორტის მინისტრმა უკრაინელ სპორტსმენებს რუსეთში შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა, IOC-თან მოლაპარაკებების შემდეგ კი ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. უკრაინელებს შესაბამის შეჯიბრებებში გამოსვლა შეუძლიათ. ქვეყნის ხელისუფლებისგან მივიღეთ ოფიციალური დასტური, რომ აკრძალვა აღარ მოქმედებს", - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს პოზიციაზე საერთაშორისო შეჯიბრებების ბოიკოტთან დაკავშირებით: „IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ პოლიტიკური მოტივებით ბოიკოტირების საკითხი განიხილა. ჩვენი პოზიცია უცვლელია - მსგავს გამოვლინებებთან ნულოვანი შემწყნარებლობა. სპორტი უნდა აერთიანებდეს და პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს. ბოიკოტები ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება."