თომას ბახის თქმით, AIBA რეფორმირების სწორ გზას ადგას

06 მაისი 2018

ლოზანაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) მიერ გასატარებულ რეფორმებს გაეცნენ. IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, ასოციაცია რეფორმირების სწორ გზას ადგას.

„ეს მოხსენება გარკვეულ პროგრესზე მიუთითებს და გვაჩვენებს კეთილ ნებას, მაგრამ პრობლემები კვლავაც რჩება, - AIBA-ს მოხსენებას აფასებს თომას ბახი, - მმართველობასთან, ფინანსებთან და სპორტულ სამართლიანობასთან დაკავშირებით კვლავაც შეშფოთებულები ვართ. ვფიქრობთ, რომ ახლა გეგმების განხორციელების დროა. ეს ის არის, რასაც AIBA-სგან ვითხოვთ.

როგორც არ უნდა იყოს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან კრივის ამოღების უფლებას ვიტოვებთ. რაც შეეხება ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა მოკრივეები უნდა დავიცვათ. AIBA-სთან დაკავშირებული საკითხების გამო მათ პასუხს ვერ მოვთხოვთ. ასე რომ, კრივი პროგრამაში რჩება, თუმცა ერთი პირობით: AIBA-ს მიერ შერჩეული მსაჯები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა დაამტკიცონ."