6 მედალი, მაგრამ ოქროს გარეშე

06 მაისი 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა კასპიისკიში (რუსეთი) დამთავრებულ ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს.

 ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონაში ვერცხლის მედალი მიიღო მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, რომელიც ფინალში 1:2 დამარცხდა ოლიმპიურ ჩემპიონთან, თურქ ტაჰა აკგულთან.  ასევე ვერცხლის ჯილდო აიღო ბექა ლომთაძემ (61 კგ). მან საჩემპიონო ბრძოლა ანგარიშით 1:4 დათმო რუს ჰაჯიმურად რაშიდოვთან.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70კგ), სანდრო ამინაშვილი (86კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ).

ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულიანმა წევრმა - ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამჯერად მისთვის ახლ, 65 წონით კატეგორიაში იჭიდავა. ლადომ  მეოთხედფინალში პრინციპული ბრძოლა დათმო რუსეთის ნაკრების წევრ ილიას ბეკბულატოვთან (0:6), ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი პოლონელ კრიშტოფ ბიენკოვსკის აჯობა  - 8:4. მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა  სამედლო ბრძოლა უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის მოუგო (3:1), სანდრო ამინაშვილმა - აჰმედ დუდაროვს (გერმანია), ელიზბარ ოდიკაძემ - უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძეს (5:2).