სეოკ-ი ულოცავს

07 მაისი 2018

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს საქართველოს ჭიდაობის  ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს და წევრებს, მწვრთნელებს, სპორტსმენებს, ვეტერან ფალავნებს, სპორტის გულშემატკივრებს ქალაქ კასპიისკში გამართულ ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე  მოპოვებულ  თვალსაჩინო წარმატებას.

  სულ უფრო მზარდი კონკურენციის პირობებში, ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში  ქართველი მოჭიდავეების მიერ მოპოვებული 12 მედალი უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჭიდაობა ჩვენთვის სტრატეგიული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა. შარშან აგვისტოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და წლევანდელ ევროპირველობაზე  თვალნათლივ გამოჩნდა ჩვენი საჭიდაო სკოლის დღევანდელი საკმაოდ მაღალი დონე, ამავე დროს დავინახეთ რეალური პოტენციური შესაძლებლობები, რომელთა  სრულად ამოქმედება კიდევ უფრო დაწინაურების საშუალებას მოგვცემს.

 განსაკუთრებით თვალშისაცემია წინსვლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რაც იმედს გვაძლევს, რომ  ამ დისციპლინაში, ისევე როგორც თავისუფალ ჭიდაობაში, მომავალ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე  ბრძოლისუნარიანი გუნდები გვეყოლება.

 ერთ კვირაში  მაკედონიაში დაიწყება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც ამავე დროს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებაა.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელები, მწვრთნელები და თავად მოჭიდავეები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ჩემპიონატს და ოლიმპიური ლიცენზიებით დაგვიბრუნდებიან.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.