მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნების - ლაშა ტალახაძის და ლიდია ვალენტინის დაჯილდოების ცერემონია

07 მაისი 2018

დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების - ლაშა ტალახაძისა და ესპანელი ლიდია ვალენტინის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო  და საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების, ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის  ხელმძღვანელები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები გუნდის წევრები და მათი მწვრთნელები, ლაშა ტალახაძის ოჯახის წევრები.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის ლაურეატებს _ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს ლაშა ტალახაძეს და ლიდია ვალენტინის დიდი აღიარება და პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მიულოცეს სააქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაფაელ ჩიმიშკიანმა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანმა, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ისტორია თითქმის 40 წელიწადს ითვლის, მაგრამ ჩვენთვის ეს დღე მართლაც ისტორიული და განსაკუთრებულია, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა,  - დღეს 2017 წლის პლანეტის საუკეთესო მამაკაცი ძალოსნის ტიტული ოფიციალურად მიეკუთვნა ჩვენს ლაშა ტალახაძეს - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს რეკორდსმენს მძიმე წონით კატეგორიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ლაშა ტალახაძე იმავდროულად აღიარებულია მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცად. ლაშა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ მთელი საერთაშორისო სპორტის გამორჩეული წარმომადგენელია. პირველ ყოვლისა, ის გამორჩეულია სწორედ მისი ფენომენალური სპორტული მიღწევებით, მაგრამ, ამავე დროს -  პიროვნული თვისებებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ლაშა ტალახაძე მისაბაძი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი სპორტის მომავალი თაობებისთვის. ის არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სპორტსმენი და მოქალაქე. ამიტომაც ალალია მისთვის ყველა ჯილდო და ტიტული. ვულოცავ ლაშას კიდევ ერთ დიდ აღიარებას. ასევე ვულოცავ ჩვენს ესპანელ სტუმარს ლიდია ვალენტინის."