ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი სვენ არნე ჰანსენი სეოკ-ში

08 მაისი 2018

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტს სვენ არნე ჰანსენს, რომელსაც ახლდნენ ევროპის მძლეოსნობის საბჭოს წევრი კარელ პილნი და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

შეხვედრაზე ლერი ხაბელოვმა ისაუბრა ქართული სპორტისათვის მძლეოსნობის განვითარების მნიშვნელობაზე, გაიხსენა წინა წლებში თბილისში ჩატარებული მძლეოსნური შეჯიბრებები და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტს სვენ არნე ჰანსენს. როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა იმ წამოწყებას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მძლეოსნობის უკეთ განვითარებისთვის.

თავის მხრივ, სვენ არნე ჰანსენმა დიდი მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს მძლეოსნობის მხარდაჭერისათვის.

დღესვე ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტმა მძლეოსნობის განვითარებაში შეტანილი გასაკუთრებული წვლილისთვის, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის სპეციალური ჯილდო გადასცა საქართველოს მძლეოსნობის ფერედაციის პრეზიდენტს ალექსი ახვლედიანს.