ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

08 მაისი 2018

დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.

ეს არის უხვად ილუსტრირებული, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კრებული, რომლის ავტორიცაა თავად ნოდარის დედა- ქალბატონი დოდო ხარაზიშვილი. წიგნში ასევე შესულია ნოდარის ოჯახის სხვა წევრების, მეგობრების, სახელოვანი ოლიმპიელების, მწვრთნელების, გულშემატკივრების მოგონებები. წიგნს წამძღვარებული აქვს საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის იოზეფ ფენდტის წერილი.

იოზეფ ფენტდი და ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი კრისტონ შვეიგერი წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად  საგანგებოდ ჩამოვიდნენ თბილისში. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფელიქს ქუმარიტაშვილი, სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ნოდარის მეგობრები, სპორტსმენები, გულშემატკივრები.

ღონისძიებაზე, რომელსაც უძღვებოდნენ  ჟურნალისტი ოთარ გიორგაძე და ნოდარ ქუმარიტაშვილის და - მარიამი,  გაიხსენეს ნოდარის ხანმოკლე ცხოვრების ეპიზოდები, მისი სპორტული წარმატებები, გულისტკივილით ისაუბრეს  ვანკუვერში დატრიალებულ დიდ ტრაგედიაზე.

ეროვნული არქივის პავილიონში გამოფენილი იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის  ფოტოები, პირადი ნივთები, სხვადასხვა პრიზები და ჯილდოები, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, რომლითაც  ნოდარი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა.

ღონისძიება სეოკ-ის ხელშეწყობით გაიმართა.