საპორომ IOC-დან 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი გამოითხოვა

10 მაისი 2018

საპოროს (იაპონია) ხელისუფლებამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადის გაუქმების თხოვნით მიმართა.

ჰოკაიდოს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრის ხელმძღვანელობა 2030 წლის თამაშების მასპინძლობას იმედოვნებს.

შეცვლილი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ 2018-2022 წლებში აზიის კონტინენტზე სამი - 2018 წლის პიონჩანგის, 2020 წლის ტოკიოს და 2022 წლის პეკინის ოლიმპიადები მოდის. ქალაქის ხელმძღვანელობის გათვლებით, მეტად დაბალია იმის ალბათობა, რომ IOC-მა კიდევ ერთი თამაშების ჩატარების საშუალება მისცეს კიდევ ერთ აზიურ ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ საპოროს მაცხოვრებლები 2030 წლის  თამაშებისთვის ბრძოლას უფრო გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან იმ დროისთვის შინკასენის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დამთავრებული იქნება, რაც რეგიონთან სატრანსპორტო კავშირს გაამარტივებს.

2026 წლის ოლიმპიადის ჩატარებით დაინტერესებულნი არიან: გრაცი (ავსტრია), კალგარი (კანადა), იტალიის კორტინა დ'ამპეცოს, მილანისა და ტურინის სამეული, აგრეთვე სტოკჰოლმი (შვედეთი), სიონი (შვეიცარია) და ერზრუმი (თურქეთი).

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი 2019 წლის სექტემბრის IOC-ის სესიაზე გამოვლინდება.