ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების სემინარი ბელგრადში

13 მაისი 2018

ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 39-ე სემინარი გაიმართა. ამ ღონისძიებამ კონტინენტის ორმოცდათივე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს და სხვა სტუმრებს უმასპინძლა. სემინარში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგატებიც მონაწილეობდნენ.

სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.  გარდა ამისა, მინსკი-2019-ის მზადების ტემპებთან დაკავშირებით  მოისმინეს ევროპის მეორე თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის გიორგი კატულინისა და საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელ სპიროს კაპრალოსის მოხსენებები.

„სემინარი მნიშვნელოვანია ცოდნის გასაზიარებლად. ევროპა უძლიერეს კონტინენტად უნდა გარდავქმნათ არამარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ გონიერებითაც", - ამბობს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იანეზ კოსიანჩიჩი.

სემინარის პარალელურად ზამთრის სპორტში საუკეთესო ევროპელი ახალგაზრდა ათლეტად აღიარებული ფრანგი ბიატლონისტის, კამილ ბენეს დაჯილდოების ცერემონიალიც შედგა. ბენე სპორტული მიღწევებისთვის, მათ შორის შარშან ერზრუმის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოპოვებული ოქროს მედლისთვის, ფულადი პრემიით წაახალისეს.