ტოკიოს ოლიმპიადისკენ მიმავალი გზა მეორე ევროპულ თამაშებზეც გაივლის
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 39-ე სემინარზე, რომელსაც ამ დღეებში ბელგრადმა უმასპინძლა, ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად განიხილებოდა მინსკის ევროპის თამაშები, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპი ტოკიოს ოლიმპიადისკენ სავალ გზაზე.
2019 წლის ევროპის მეორე თამაშების პროგრამაში შემავალ სპორტის 10 სახეობას ტოკიოს თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.
ევროპულ თამაშებზე პირდაპირი ოლიმპიური საგზურები გათამაშება მშვილდოსნობაში, კანოეში, კარატეში, მაგიდის ჩოგბურთში და ტყვიის სროლაში.
გარდა ამისა, ევროპულ თამაშებზე ნაჩვენები შედეგების შესაბამისი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ქულები დაერიცხებათ ძიუდოისტებს, მძლეოსნებს, მოკრივეებს, ბადმინტონისტებს და ველოსიპედისტებს.
აღსანიშნავია, რომ მინსკი-2019-ს ძიუდოში, კრივში, კანოესა და ბადმინტონში ევროპის ჩემპიონატის დატვირთვაც ექნება.
ევროპის თამაშების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილებები ევროპის თამაშებისადმი ინტერესს, შესაბამისად კი - უძლიერესი სპორტსმენების მონაწილეობის შესაძლებლობასაც გაზრდის.
ორგანიზატორთა განცხადებით, მინსკში 15 სახეობაში მედლების 201 კომპლექტი გათამაშდება, რაც ბაქოს 2015 წლის თამაშებთან შედარებით შემცირებულია ( 20 სახეობა და მედლების 253 კომპლექტი).
ცნობილია, რომ გაისად მინსკის ევროპულ თამაშებში 4082 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა საკვალიფიკაციო ეტაპი წლეულს 1 აპრილს დაიწყო და 2019 წლის 14 აპრილს დასრულდება.