თავისუფალი სტილით ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 7 მედლით დაასრულა

16 მაისი 2018

მაკედონიის  დედაქალაქ  სკოპიეში დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თითო ოქროს,  ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლები ათ წონით კატეგორიაში გათამაშდა. მათ შორის ხუთში (48 კგ, 55 კგ, 65 კგ, 80 კგ, 110 კგ) გამარჯვებულები ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მლობელნიც  გახდნენ, რამაც ჩემპიონატს დამატებით დატვირთვა მისცა.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო იყო ბაგრატ გაგნიძე (71 კგ), რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ მისი წონითი კატეგორია ბუენოს აირესის საგზურს არ ითვალისწინებდა. ამ მხრივ ლიცენზიასთან ყველაზე ახლოს დავით აბდალაძე (55 კგ) იყო, მაგრამ უკრაინელ ვლადისლავ ოსტეპენკოსთან ორთაბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 
საქართველოს ნაკრების ჯილდოთა ყულაბის შევსებაში ბრინჯაოს მედლებით საკუთარი წვლილი შეიტანეს გიორგი ჭოლაძემ (51 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (60 კგ), გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (80 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (110 კგ). 

ასე რომ, საქართველოს ნაკრების 10 წევრიდან 7  მედალოსანია.

ევროპის ჩემპიონატზე გუნდებისთვის საკმაოდ მკაცრი სალიცენზიო ლიმიტია დაწესებული: თითოეული ქვეყნიდან ოლიმპიურ ლიცენზიას მხოლოდ 2 წონითი კატეგორიის გამარჯვებული ღებულობს.

პარასკევს საქმეში ჩაერთვებიან ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეები, სადაც იგივე სალიცენზიო პრინციპი იმოქმედებს.