WADA-მ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლების აღდგენის საკითხი არ განიხილა

18 მაისი 2018

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა მონრეალის სხდომაზე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის (RUSADA) უფლების აღდგენის საკითხი არ განიხილა.

ხმის მიცემის ჩატარების აუცილებლობა არ იყო. შარშანდელი ნოემბრის შემდეგ არანაირი ცვლილება არ მომხდარა", - განმარტავს WADA-ს გენერალური დირექტორი ოლივიე ნიგლი.

2017 წლის ნოემბერში WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ საკვანძო კრიტერიუმების შეუსრულებლობისთვის RUSADA-ს უფლებამოსილების აღდგენაზე უარი უთხრა, ამჯერად ეს საკითხი დღის წესრიგშიც არ შეიტანა.

უფლებამოსილების აღდგენის წინაღობად სახელდება ორი შეუსრულებელი მოთხოვნა: რუსეთმა სრულიად უნდა აღიაროს რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით WADA-ს დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა, რაც ამ ქვეყანაში დოპინგის სისტემურად გამოყენებაზე მიუთითებს და მეორე - WADA-ს მოსკოვის ლაბორატორიაში დაცულ სინჯებთან წვდომის საშუალება უნდა მისცეს.