საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა სამი ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და ერთი ლიცენზია მოიპოვა

20 მაისი 2018

მაკედონიის  დედაქალაქ  სკოპიეში დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 10  წონით კატეგორიაში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან 5 მედალი დაისაკუთრა, მათ შორის - 3 ოქრო. აქედან 5 წონა -  45, 51, 60, 71 და 92 წონითი კატეგორიები განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო, რადგან მასში გამარჯვებულები ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს დაეუფლნენ.

ბუენოს აირესის საგზური აიღო გიორგი თოხაძემ (51 კგ), რომელმაც ფინალში პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით - 10:0 მოუგო რუსს არტიომ მოროზოვს და ევროპის ჩემპიონობასთან ერთად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ბუენოს აირესისკენ მიმავალ გზამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი ჩხიკვაძეს (60 კგ), რომელიც ფინალში სომხეთის წარმომადგენელ საჰაკ ჰოვანესიანთან დამარცხდა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონები გახდნენ დიმიტრი ხაჩიძე (48 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ), თუმცა მათ წონებში ლიცენზიები არ გათამაშებულა. ბრინჯაოს მედალია მათე გოქაძის (110 კგ) ანგარიშზე.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა საერთო ჯამში 3 ოქროს,  თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე გუნდებისთვის საკმაოდ მკაცრი სალიცენზიო ლიმიტი იყო დაწესებული: თითოეული ქვეყნიდან ოლიმპიურ ლიცენზიას მხოლოდ 2 წონითი კატეგორიის გამარჯვებული ღებულობდა.