ტოკიო-2020-ის სტადიონებიდან ხუთი 2002 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის არენა იყო

21 მაისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ იმ სტადიონების ნუსხა დაამტკიცა, რომლებიც 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო მატჩებს უმასპინძლებს. IOC-ის შესაბამის ნუსხაში შვიდი არენა შევიდა: ტოკიო სტედიუმი (ტოკიო), ახალი ეროვნული სტადიონი (ტოკიო), საპორო დოუმი (საპორო), მიიაგი (რიფუ), კაშიმა სოკერ სტედიუმი (კაშიმა), საიტამა სტედიუმი (საიტამა), ნისან სტედიუმი (იოკოჰამა).

აღსანიშნავია, რომ შვიდიდან ხუთმა სტადიონმა 2002 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა.

ტოკიო-2020-ის თამაშები მთლიანობაში 43 საასპარეზო ადგილს გამოიყენებს, აქედან 25 არსებულია, 10 დროებითი ნაგებობა იქნება და 8 ახალი.