ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ

23 მაისი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონების ბრწყინვალების ორდენებით დაჯილდოების ცერემონია. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოები 23 ოლიმპიურ ჩემპიონს ოლიმპიურ კომიტეტში გადასცა:
ალექსანდრე ანპილოგოვს - ოლიმპიურ ჩემპიონს ხელბურთში,
გიორგი ასანიძეს- ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში,
ვახტანგ ბლაგიძეს- ოლიმპიური ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,
დავით გობეჯიშვილს- ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,
ვლადიმერ გოგოლაძეს- ოლიმპიურ ჩემპიონს სპორტულ ტანვარჯიშში,
ზურაბ ზვიადაურს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში,
ლევან თედიაშვილს- ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,
ვაჟა კაჭარავას- ოლიმპიურ ჩემპიონს ფრენბურთში,
გელა კეტაშვილს- ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში,
კახი კახიაშვილს- სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში,
მანუჩარ კვირკველიას- ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,
ქეთევან ლოსაბერიძეს- ოლიმპიურ ჩემპიონს მშვილდოსნობაში,
რევაზ მინდორაშვილს- ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,
რომან რურუას- ოლიმპიურ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,
ნინო სალუქვაძეს -ოლიმპიურ ჩემპიონს ტყვიის სროლაში,
ვიქტორ სანეევს- სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში,
რობერტ შავლაყაძეს- ოლიმპიური ჩემპიონს მძლეოსნობაში,
ლაშა შავდათუაშვილს -ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში,
რაფაელ ჩიმიშკიანს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში,
ირაკლი ცირეკიძეს- ოლიმპიურ ჩემპიონ ძიუდოში,
ლერი ხაბელოვს -ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში,
შოთა ხაბარელს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში,
დავით ხახალეიშვილს- ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ ჩემპიონებს მიღწეული გამარჯვებებისათვის და წარმატებები უსურვა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და მიმდინარე კვირას, სწორედ ამ ზეიმის ფარგლებში, განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადამიანების ღვაწლი ვინც წვლილი შეიტანა ჩვენ სამშობლოს განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის საქმეში.

"ეს დიდი ზეიმია თითოეული ჩვენგანისათვის და ამ ზეიმის კაშკაშა ვარსკვლავი თქვენი გამარჯვებებია. ჩვენს არ ვართ დიდი ქვეყანა, არ გვაქვს დიდი ეკონომიკა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ბრწყინავს და ბრწყინავდა ისეთი ადამიანების გამო, როგორებიც თქვენ ხართ. როცა არ ვიყავით დამოუკიდებლები, გვჭირდებოდა ასპარეზი, სადაც ვიტყოდით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში გვექნებოდა დიდი გამარჯვებები და მიღწევები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ღვაწლის დაფასებისთვის, მოკლედ ისაუბრა ქართული სპორტის ოლიმპიურ მიღწევებზე და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ჩემპიონების კიდევ ერთი დიდი აღიარება სტიმული იქნება ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომლებმაც უნდა განამტკიცონ ჩვენი სპორტის ტრადიციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, საპატიო სტუმრები.