საგანმანათლებლო ოლიმპიური პროექტის გასვლითი ღონისძიება თელავში

25 მაისი 2018

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში  გაიამრთა  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - ოლიმპიზმის" გასვლითი  ღონისძიება.

ამ პროექტის  მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის პროპაგანდა ახალგაზრდებს შორის, ოლიმპიური ფასეულობებისა და  ჩვენი სპორტის მიღწევების პოპულარიზაცია.

ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს  საინტერესო პრეზენტაციები ოლიმპიზმის ისტორიაზე და ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თელაველი მოსწავლეები და მათი პედაგოგები, თელავის უნივერსიტეტის და რესურს-ცენტრის ხელმძღვანელები, სპორტის გულშემატკივრები.

 მათ სიტყვით  მიმართეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პარლამენტარმა ლერი ხაბელოვმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ვახტანგ ბლაგიძემ და დავით გობეჯიშვილმა,  კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზურაბ არსენიშვილმა, სეოკ-ის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა გელა სამხარაულმა.

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს ესაუბრა ოლიმპიური მოძრაობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, გაიხსენა თავისი სპორტული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. ხაბელოვმა და სხვა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა უპასუხეს მოსწავლეების და მათი პედაგოგების შეკითხვებს.  სეოკ-ის პრეზიდენტმა პროექტში მონაწილე სკოლებს  და თელავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სეოკ-ის მიერ ბოლო წლებში გამოცემული წიგნები და ჟურნალები.

ბოლოს გაიმართა სახალისო ვიქტორინა. ოლიმპიურ თემატიკაზე დასმულ კითხვებს პასუხობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც სპორტის კარგი ცოდნა და ერუდიცია გამოავლინეს, ჯილდოდ კი მიიღეს ოლიმპიური ჩემპიონების ავტოგრაფებით დამშვენებული წიგნები.

 ღონისძიებას უძღვებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი