IJF-მა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ათვლა ახალი ვებ-გვერდით დაიწყო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ახალი ვებ-გვერდის ამოქმედებით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ათვლა დაიწყო.
საოლიმპიადო კვალიფიკაცია ჩინეთის გრან-პრით იწყება (25-27 მაისი).
ძიუდოს მმართველი ორგანოს ვებ-გვერდი - www.ijf.org ფართოდ გააშუქებს მნიშვნელოვან შეჯიბრებებს, მათ შორის საკვალიფიკაციო ტურნირებს.
„სწრაფად განვითარებად სამყაროში, სადაც ინფორმაციას და კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია, IJF-მა ახალი ვებგ-ვერდი აამოქმედა, რაც თავის მხრივ იქნება ერთგვარი ჰაბი როგორც ძიუდოს ოჯახის წევრებისთვის, ისე სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულთათვის", - განაცხადა IJF-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.
ახალი გვერდის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სპორტის ამ სახეობის ისტორიას და ძიუდოს გმირებს, ასევე უახლეს ამბებს, მსოფლიო რეიტინგებს და მომავალ ღონისძიებებს.