ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე მედლები სპორტის 15 სახეობის 17 დისციპლინაში გათამაშდება

27 მაისი 2018

საინაუგურაციო ქვიშის მსოფლიო თამაშებზე, რომელსაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) ეგიდით გაისად, 9-15 ოქტომბერს სან დიეგო (აშშ) უმასპინძლებს, მედლები სპორტის 15 სახეობის 17 დისციპლინაში გათამაშდება.

ასეთი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს ANOC-ის მიერ ორგანიზებულ წარმომადგენლობით შეხვედრაზე სან დიეგოში.

შეიძლება ითქვას, რომ სპორტის სახეობათა ნუსხას, რომელიც შარშან, ნოემბერში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პრაღის გენერალურ ასამბლეაზე სან დიეგოს წარდგენისას იყო შემოთავაზებული, ცვლილებები არ შეხებია.

აღსანიშნავია, რომ ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების დისციპლინები ოლიმპიური პროგრამისგან განსხვავებულია და მოიცავს ქვიშის ხელბურთს, ფეხბურთს, ფრენბურთს (4x4), ჭიდაობას, ჩოგბურთს, კარატეს (ინდივიდუალური კატა); ასპარეზობები გაიმართება აგრეთვე კაიტბორდინგში, შორთბორდ სერფინგში, ლონგბორდ სერფინგში, ღია წყალში ცურვაში (5 კმ), ვეიკბორდინგში და წყლის თხილამურებში, ასევე აკვატლონში, რაც რბენისა და ცურვის კომბინაციაა; 3x3 კალათბურთში, ბოლდერინგში, სკეიტბორდინგში და BMX-ში, რაც ერთგვარი ველომოტოკროსია.

ქვიშის მსოფლიო თამაშებზე ყველა კონტინენტიდან დაახლოებით 1300 სპორტსმენს ელიან.

ეს პროგრამა გვაჩვენებს, თუ რა არის ANOC-ის ქვიშის მსოფლიო თამაშები, - ამბობს ANOC-ის გენერალური მდივანი გუნილა ლინდბერგი, - 2019 წელს სან დიეგოში ვნახავთ ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ სპორტის 15 სახეობის რჩეულ ათლეტებს. თითოეული დისციპლინა მეტად დინამიური, ხელმისაწვდომი და სანახაობრივია."

თავდაპირველად ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშები 2017 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასპარეზობებისთვის უკეთ მოსამზადებლად მისი ორი წლით გადავადება გადაწყდა.