ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა რიგებს გიორგი გეგელაშვილი შეემატა

28 მაისი 2018

ბუენოს აირესის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა რიგებს კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი შეემატა. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციიდან (UWW) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, არგენტინის საგზური მიიღო  თავისუფალი სტილის მოჭიდავემ გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ).

ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც ახლახანს მაკედონიაში ჩატარებული ჭაბუკთა სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატის შედეგები შეჯამდა. ამ  ჩემპიონატზე გუნდებისთვის საკმაოდ მკაცრი ლიმიტი იყო დაწესებული: თითოეული ქვეყნიდან ოლიმპიურ ლიცენზიას მხოლოდ 2 წონით კატეგორაში გამარჯვებული ღებულობდა.  თუ  ქვეყანები  მაქსიმალურ ქვოტას გადააჭარბებდნენ, „ზედმეტი" ადგილები სხვებზე ნაწილდებოდა. სწორედ  ეს წესი შეეხო გიორგი გეგელაშვილს, რომელმაც მაკედონიაში მესამე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ჩემპიონატზე  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში  ოქროს მედალს და არგენტინის საგზურს დაეუფლა გიორგი თოხაძე (51 კგ).

გარდა ჩვენი ორი მოჭიდავისა, 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს ქეთევან არბოლიშვილმა (მხატვრული ტანვარჯიში), ნინო ხუციბერიძემ (ტყვიის სროლა), ზურაბ კინწურაშვილმა (ტაეკვონდო) და სამკაცა კალათბურთელთა ნაკრებმა.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 12  სპორტსმენი გამოდიოდა. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს 2010 წლის სინგაპურის პირველი თამაშების შედეგები (1 ბრინჯაო და გუნდური 84-ე ადგილი), ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.