პეკინი -2022 უცხოელი სპეციალისტების დაქირავებაზე მუშაობს

30 მაისი 2018

პეკინი 2022-ის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ჩინეთის დედაქალაქში ჩასატარებელი ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის გამოცდილ უცხოელ სპეციალისტებს მიიზიდავენ.

ოფიციალური „სამოქმედო გეგმით", მათ შორის „გლობალური დაქირავების მექანიზმით" პეკინის თამაშებისთვის ისეთი პერსონალის დაინტერესებას იმედოვნებენ, რომლებიც სპორტულ მენეჯმენტში და მოხალისეთა სამსახურში დასაქმდებიან.

პეკინი 2022-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორის იან ჩენგის განმარტებით, ქვეყანას სჭირდება ნიჭიერი უცხოელი სპეციალისტები, რადგან ჩინეთი ზამთრის სპორტის ინდუსტრიაში „შედარებით განუვითარებელია".

იან ჩენგის თქმით, საორგანიზაციო კომიტეტი კავშირებს და თანამშრომლობას განამტკიცებს საზღვარგარეთის შესაბამის ორგანიზაციებთან. მათ შორის, საუბარია იმ სპციალისტების დაქირავებაზე, რომლებიც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ პეკინის არენების დაგეგმარებაზე, მათ დიზაინზე და ლოჯისტიკურ სამუშაოებზე ჩართული იყო არაერთი უცხოელი სპეციალისტი.

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო პარალიმპური თამაშები 4-13 მარტის ჩათვლით ჩატარდება.