სპორტულ ცოცვაში ტოკიოს საგზურები 2019 წელს ტულუზაში გათამაშდება

31 მაისი 2018

სპორტული ცოცვის საერთაშორისო ფედერაციამ (IFSC) 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ღონისძიების მასპინძლად საფრანგეთის ტულუზა შეარჩია.

საკვალიფიკაციო ტურნირის ზუსტი თარიღი არ დასახელებულა.  ცნობილია, რომ ეს შეჯიბრება 2019 წელს, ოლიმპიურ დებიუტამდე ერთი წლით ადრე გაიმართება.

ტულუზასთან ერთად, საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობის უფლებისთვის იბრძოდნენ ლოს-ანჯელესი, მოსკოვი და ჩინეთის ჩონგქინგი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კლდეზე სპორტული ცოცვა, ისევე როგორც კარატე, სერფინგი, სკეიტბორდინგი  და ბეისბოლი/სოფტბოლი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ პროგრამაში შეიტანა 2016 წელს.