ქვიშის მსოფლიო თამაშებისთვის მზადების პროცესს საერთაშორისო ფედერაციები გაეცნენ

01 ივნისი 2018

სან დიეგოში, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) საინაუგურაციო ქვიშის მსოფლიო თამაშებისთვის მზადების პროცესს გაეცნენ საერთაშორისო ფედერაციების ტექნიკური დელეგატები. ANOC-ის განმარტებით, ვიზიტის მიზანი იყო დელეგატებისთვის იმ შეთავაზებული არენების დათვალიერება, რომლებმაც გაისად  ასპარეზობებს უნდა უმასპინძლონ.

სან დიეგოს სტუმრები აღნიშნავენ, რომ მათზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც შეჯიბრებებისთვის,  ისე ვარჯიშისთვის განკუთვნილმა სივრცემ  და მასშტაბებმა.

ANOC-ის განმარტებით, ფედერაციებს ექნებათ ყველა პირობა თავიანთი ღონისძიებების სრულყოფილად ჩასატარებლად. ამასთან, განმარტავენ, რომ ყველა შეჯიბრება ერთ სივრცეში ჩატარდება, რაც სპორტის გულშემატკივარს არენიდან არენამდე მარტივად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

დელეგატებიი გაეცნენ თამაშების საერთო კონცეფციას და გეგმას, მიიღეს ინფორმაცია სპორტსმენთა მოსამზადებელ ზონებზე, სამედიცინო სამსახურზე, მასმედიაზე, აღჭურვილობაზე, დაბინავებაზე, ტრანსპორტირებაზე, დოპინგ-კონტროლზე და სავიზო მომსახურებებზე.

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების პროგრამა მოიცავს შეჯიბრებებს ქვიშის ხელბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში (4x4), ჭიდაობაში, ჩოგბურთში, კარატეში (ინდივიდუალური კატა); ასპარეზობები გაიმართება კაიტბორდინგშიც, შორთბორდ სერფინგშიც, ლონგბორდ სერფინგშიც, ღია წყალში ცურვაშიც (5 კმ), ვეიკბორდინგშიც და წყლის თხილამურებში, ასევე აკვატლონში, რაც რბენისა და ცურვის კომბინაციაა; შეჯიბრების პროგრამაშია აგრეთვე ასპარეზობები 3x3 კალათბურთში, ბოლდერინგში, სკეიტბორდინგში და BMX-ში, რაც ერთგვარი ველომოტოკროსია.

ქვიშის მსოფლიო თამაშებზე, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება, ყველა კონტინენტიდან დაახლოებით 1 300 სპორტსმენს ელიან.