გაიმართა სეოკ-ის აღმასკომის სხდომა

05 ივნისი 2018

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში დღეს გამართულ აღმასკომის მორიგ სხდომაზე განიხილეს ოლიმპიური მოძრაობის აქტუალური საკითხები.

სხდომას უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. გარდა აღმასკომის წევრებისა, სხდომას ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ცალკეული ფედერაციების ხელმძღვანელები.

მაღალი მიღწევების სპორტში ქალთა ჩართულობასთან და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით  დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.  

ითქვა, რომ რიგი  სპორტული ფედერაციების (ძიუდო, ძალოსნობა) საქმიანობაში შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები, ხოლო სათამაშო სახეობებში (ხელბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, რაგბი) თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაკომპლექტებულია ეროვნული გუნდები, რომლებიც ინტენსიურად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. ამასთან, სეოკ-ის აღმასკომს მიაჩნია, რომ ქალთა ჩართულობა მაღალი მიღწევების სპორტში, სოკ-ისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების კალენდრით გათვალისწინებულ სპორტულ ღონისძიებებში სრულად ვერ პასუხობს ქართული სპორტის ინტერესებს და არ შეესაბამება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს.

სეოკ-ი მოუწოდებს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს შეიმუშაონ სპორტში გოგონათა ჩართვის გრძელვადიანი სპეციალური პროგრამები და დააწესონ მონიტორინგი მათ განხორციელებაზე. თავის მხრივ, სეოკ-ი მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს საინტერესო პროექტებს, მოაწყოს მიზნობრივი სემინარები უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

გადაწყდა, რომ სპორტში გოგონათა ჩართულობის სტიმულირების მიზნით, 2019 წლიდან დაწესდეს სეოკ-ის 2  ახალი ნომინაცია 18 წლამდე ასაკის წლის საუკეთესო  სპორტსმენი გოგონას და ქალთა სპორტში დასაქმებული წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად.

აღმასკომის წევრებმა შეაჯამეს ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სპორტსმენების გამოსვლის შედეგები. სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის  ხელმძღვანელმა მამუკა ხაბარელმა  სხდომას წარუდგინა ინფორმაცია პიონჩანგში ჩვენი ოლიმპიელების გამოსვლაზე, ზამთრის სპორტში არსებულ პრობლემებზე.

აღინიშნა, რომ სეოკ-ი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობათა განვითარების თაობაზე,   რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას,სპორტსმენთა დაოსტატების ხელსეწყობას, მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების ორგანიზებას.

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (ბუენოს აირესი, ოქტომბერი,  2018 წელი) მზადების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

ითქვა, რომ ოლიმპიური კომიტეტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შესაბამისი ფედერაციების მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს და ლიცენზიას დაეუფლნენ 6 სახეობის სპორტსმენები: ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა), ზურაბ  კინწურაშვილი(ტაეკვონდო), სამკაცა კალათბურთელთა ნაკრები, გიორგი თოხაძე (ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა), გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). საკვალიფიკაციო ტურნირები 10 ივლისამდე გაგრძელდება და ჩვენ ველოდებით ლიცენზიანტებს ძიუდოში,  მძლეოსნობაში, ძალოსნობაში, კარატეში, ჩოგბურთში, ასევე მშვილდოსნობასა და სპორტულ ტანვარჯიშში. შესაძლოა, ოლიმპიელთა შორის ვიხილოთ თითო მოკრივე და მოცურავეც.

ამ თემაზე ისაუბრეს მძლეოსნობის, ძალოსნობის, ტანვარჯიშის, კარატეს, კრივის, ტაეკვონდოს  და ჩოგბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებმა.

აღმასკომის წევრებმა მოისმინეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის მამუკა ხაბარელის და გენერალური მდივნის ინფორმაცია სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმის ჩ მზადების მიმდინარეობის შესახებ.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით, 2018 წლის 23 ივნისს თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ტარდება ყველა დროის (1952-2018 წლები) ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი. ამ სახის და მასშტაბის ღონისძიება პირველად იმართება საქართველოში, რომელიც  ეძღვნება  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები,  მოსწავლეები და სტუდენტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი.

ფორუმს  დაესწრებიან  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, სხვა საპატიო სტუმრები.

იმავე დღეს, 11 საათზე, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება ოლიმპიური გარბენი და სხვა სპორტული აქტივობები.

2019 წელს  საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უხელმძღვანელებს.

სეოკ-ის აღმასკომმა საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო აღიარება შეუჩერა საქართველოს კერლინგის ფედერაციას.