5 მედალი და გუნდური მესამე ადგილი

07 ივნისი 2018

ოქროს 3 და ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებმა სტამბოლში  დამთავრებულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.  

ევროპის ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ),  რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ),  ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ დავით ჩხარტიშვილ (60 კგ) და ლერი აბულაძე (63 კგ).

სამივე ქართველმა ჩემპიონმა ფინალში მასპინძელი გუნდის წევრებს აჯობეს: წურწუმიამ -  ერკემ ოზთურქი დაამარცხა, ზოიძემ -   ჩენგიზ არსლანი, პატარიძემ -   ოსმან ილდირიმი. 

 საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

„ჩვენს მოჭიდავეებს, მწვრთნელებს, ფედერაციას ვულოცავ წარმატებულ გამოსვლას სტამბოლის ხალიჩაზე, - ამბობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, - ეს არის ძალიან კარგი და იმედისმომცემი შედეგი, იმის მანიშნებელი, რომ ჭიდაობის ამ სახეობაში ნიჭიერი თაობა გვეზრდება. ამასვე ადასტურებს ახლახანს მაკედონიაში გამართული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე აღებული მედლებიც. ახლა მთავარია, რომ ამ ახალგაზრდებს შემდგომი დაოსტატებისთვის საუკეთესო პირობები შევუქმნათ, რათა უკვე მოზრდილთა შეჯიბრებებშიც გამოიჩინონ თავი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათგან საუკეთესოებს ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტთა შორისაც ვიხილავთ."