საგანმანათლებლო ოლიმპიური პროექტის გასვლითი ღონისძიება დმანისში

10 ივნისი 2018

გრძელდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - „ოლიმპიზმის" გასვლითი ღონისძიებები.

მორიგი შეხვედრა გაიმართა  დმანისის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში. თბილისიდან ჩასულ სტუმართა შორის იყვნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი, სეოკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ტექნიკური სამსახურის უფროსები  - თეონა ომანაძე და გიორგი სუხიაშვილი.

ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ოლიმპიზმის ისტორიაზე და ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისელი მოსწავლეები და მათი პედაგოგები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გელა ბურნაძე, სპორტის გულშემატკივრები. ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ძალოსან გოგონათა ნაკრების წევრებმა, რომლებმაც სახელდახელო საჩვენებელი გამოსვლა მოაწყვეს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

მათ სიტყვით მიმართეს ელგუჯა ბერიშვილმა, გია ბეგიაშვილმა, კახი კახიაშვილმა და  დავით გობეჯიშვილმა.

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა უპასუხეს მოსწავლეების და მათი პედაგოგების შეკითხვებს. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა  პროექტში მონაწილე სკოლებს და საგანმანათლებლო ცენტრის  ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სეოკ-ის მიერ ბოლო წლებში გამოცემული წიგნები და ჟურნალები. 

ბოლოს გაიმართა სახალისო ვიქტორინა. ოლიმპიურ თემატიკაზე დასმულ კითხვებს პასუხობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც სპორტის კარგი ცოდნა და ერუდიცია გამოავლინეს, ჯილდოდ კი მიიღეს ოლიმპიური ჩემპიონების ავტოგრაფებით დამშვენებული წიგნები.