გრიგორი როდჩენკოვი „როდჩენკოვის ანტისადოპინგო აქტის" შემოღებას მიესალმება

15 ივნისი 2018

აშშ-ის კონგრესი ქვეყანაში დოპინგზე სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობაზე ახალი კანონის შემოღებას განიხილავს. WADA-ს ინფორმატორის, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმღვანელის გრიგორი როდჩენკოვის საპატივცემულოდ, კანონს მისი სახელი Rodchenkov Anti-Doping Act (RADA) ეწოდება.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დოპინგის მოხმარება გრძელდება, მოხარული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესმა სუფთა სპორტსმენთა და სამართლიანი სპორტის დაცვა გადაწყვიტა. ეს კანონპროექტი საშუალებას მოგვცემს გავუსწორდეთ კორუმპირებულ სისტემას. იმედია, კონგრესის დანარჩენი წევრებიც მხარს დაუჭერენ ამ მისწრაფებას", - განაცხადა რუსული დოპინგსისტემის მამხილებელმა,  2015 წელს აშშ-ში გადახვეწილმა როდჩენკოვმა.

„როდჩენკოვის კანონი" სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს:

- დოპინგის გამოყენებაში, დამზადებაში და გავრცელებაში მხილებულს დაეკისროს მილიონ დოლარამდე ჯარიმა ან მიესაჯოს 10 წლამდე პატიმრობა. ეს ეხება მნიშვნელოვან შეჯიბრებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სპორტსმენები თუ ორგანიზაციები;

- სუფთა სპორტსმენებს, რომლებმაც დოპინგის მომხმარებელთა გამო დაკარგეს მედლები ან საპრიზო თანხა, საშუალება მიეცეთ მოითხოვონ მართლმსაჯულება;

- შურისძიების და შესაძლო ანგარიშსწორებისგან დაიცვან ინფორმატორები;

- აშშ-ს მიეცეს საშუალება უცხოური წყაროებიდან  მიიღოს მტკიცებულებები.