IOC-ის საკოორდინაციო კომისიის შეფასებით, პარიზი-2024 შთამბეჭდავია

21 ივნისი 2018

პარიზი-2024-ის ორგანიზატორებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელ პიერ-ოლივიე ბეკერ-ვიოჟანისგან სასურველი შეფასება მოისმინეს. საკოორდინაციო კომისიის დასკვნით, პარიზელთა მიერ გაწეული სამუშაოები დაჩქარებას არ საჭიროებს და მეტად დამაკმაყოფილებელია.

კომისიის წევრებმა საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტისას პარიზი-2024-ის ორგანიზატორებთან ერთად მომავალი საასპარეზო არენებზე ერთგვარი ექსკურსია მოაწყვეს და მზადების პროცესის დეტალებით დაინტერესდნენ.

ვიზიტის ბოლოს პარიზი-2024-ის პრეზიდენტი ტონი ესტანგემ და მისმა გუნდმა გაწეული სამუშაოებისთვის ქება დაიმსახურა.

„IOC-ის საკოორდინაციო კომისიამ თავისი პირველი ვიზიტი დიდი კმაყოფილებით დაასრულა, - პარიზი-2024-ის პროგრესით კმაყოფილია პიერ-ოლივიე ბეკერ-ვიოჟანი. - დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სანიმუშო, სანახაობრივი და პასუხისმგებლიანი თამაშები. შთამბეჭდავია პარიზი-2024-ის მიერ მოკლე დროში გაწეული მოცულობითი სამუშაოები. პარიზისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ არ იჩქარებს, რადგან დრო აქვს. ისინი ზუსტად იქ არიან, სადაც დროის ამ მონაკვეთში უნდა იყვნენ."