ოლიმპიური დღე კუს ტბაზე

23 ივნისი 2018

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები, მაგრამ წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამორჩეულია. სწორედ ამ დღეს ეძღვნება ყველა დროის ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი, რომელსაც წინ უძღოდა სწორედ მასობრივი ოლიმპიური გარბენი და საინტერესო სპორტული აქტივობები კუს ტბაზე.

გარბენში სხვადასხვა ასაკის 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პარალელურად გაიმართა საჩვენებელი შეჯიბრებები სამკაცა კალათბურთში, პლაჟის ფრენბურთში, ხელბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, მინი-ფეხბურთში, სკეიტბორდში, ნიჩბოსნობაში, ველეოსპორტში და სპორტის სხვა სახეობებში.

ოლიმპიურ გარბენში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გაიმარჯვეს ნოდარ ქათამაძემ, გაიანე იუსტიანმა, ჟოელ პუღლემ, ქეთევან გოგოლაძე, ლუკა გოგილაშვილმა და გიორგი ხარაზიშვილმა. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ მედლები და ფასიანი საჩუქრები, გარბენის თითოეულმა  მონაწილემ მიიღო  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომი და სპეციალური მაისური.  

ღონისძიებებში სხვებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ფორუმში მონაწილე ქართველი ოლიმპიელები, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები.

ოლიმპიური დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და მინდა ყველას მივულოცო  დღევანდელი დღესასწაული, რომელიც, ვფიქრობ, წარმომადგენლობითი და ძალიან საინტერესო გამოდგა. მადლობას ვუხდი გარბენის თითოეულ მონაწილეს, სპორტულ ფედერაციებს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიას, ჩვენს სპონსორებს და პარტნიორებს, ყველას,  ვინც დაგვეხმარა ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო სპორტის მაღალჩინოსნები, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის, მსოფლიოს ოლიმპიელ ისტორიკოსთა საზოგადოების ხელმძღვანელები.