საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი რუსთაველის თეატრში

24 ივნისი 2018

23 ივნისს რუსთაველის სახელმწიფო თეატრში შეიკრიბა ყველა დროის (1952-2018 წლები) ქართველი ოლიმპიელი.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და საერთაშორისო ოლიმპიური დღის, 23 ივნისის დაწესების 70 წლისთავი - ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი აერთიანებდა  ქართველ ოლიმპიელთა დიდ ფორუმს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით ჩატარდა.

ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები, მათი ოჯახის წევრები.

საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს დაესწრნენ საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე, თბილსის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, მოსწავლეები და სტუდენტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი, სპორტის გულშემატკივრები.

1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქაში და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი.

ჩვენს ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის - 39 ოქროს მედალი.

საქართველო ამაყობს თავისი სახელოვანი სპორტსმენებით, თითოეული ჩვენი ოლიმპიელით. სწორედ მათთვის პატივის მისაგებად და ჩვენი სპორტის ოლიმპიური მიღწევების წარმოსაჩენად გაიმართა სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი.

ფორუმი მაღალ შინაარსობრივ და მხატვრულ დონეზე წარმოადგინა რუსთაველის თეატრის პროფესიონალთა სადადგმო ჯგუფმა.

რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადებას მიესალმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

„ჩვენ მართლაც ისტორიული მოვლენის მომსწრენი და მონაწილენი ვართ - ამდენი ოლიმპიელი, ქართული სპორტის ამდენი ვარსკვლავი ერთად, ერთ ჭერქვეშ აქამდე არასოდეს შეკრებილა, - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა, - ეს დღე აუცილებლად შევა ჩვენი სპორტის ისტორიაში, როგორც ნიშანი საქართველოს ყველა დროის ოლიმპიელთა ერთობისა.

ვიდრე აქ, რუსთაველის თეატრში შევიკრიბებოდით, დღეს დილით, ყველანი  ერთად, კუს ტბაზე გამართული ოლიმპიური გარბენის სტარტზე ვიდექით. ეს გარბენი ჩვენს დღევანდელ ფორუმს და საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს - 23 ივნისს მიეძღვნა. თანამდეროვე ოლიმპიური მოძრაობა, როგორც მოგეხსენებათ, იწყება  სწორედ 1894 წლის 23 ივნისიდან. იმ დღეს პარიზში დაფუძნდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, 2 წლის თავზე კი გაიმართა პირველი ოლიმპიური თამაშები.

ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენ საკმაოდ გვიან შევუერთდით ამ დიდ მოძრაობას. მაგრამ ჩვენი ოლიმპიური ისტორია არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას და საინტერესო ამბავს აერთიანებს.

ამ ათწლეულების განმავლობაში, 1952 წლიდან მოყოლებული დღემდე - საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდრა დიდ ოლიმპიურ მოძრაობაში. ქართული ოლიმპიზმის ისტორიას ქმნიდნენ თაობები - ჩვენი სპორტის თავდადებული და წარჩინებული ადამიანები.

როგორც ამბობენ, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონები არ არსებობენ.  ჩემი აზრით, იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ოლიმპიელთა მისამართითაც. ერთხელ ოლიმპიელი - მაშასადამე, სამუდამოდ ოლიმპიელი!

ოლიმპიელობა თავისთავად წარმატებაა - მაღალი სპორტული კვალიფიკაციის მაჩვენებელი. ოლიმპიელობა, ამავე დროს,  განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - წარმოადგინო შენი ქვეყანა მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე, მილიარდიანი აუდიტორიის წინაშე. ოლიმპიელობა დიდი შრომის და ბრძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობაა - ასახელო საკუთარი თავი და შენი ქვეყანა, სიხარული მოჰგვარო მილიონობით შენს თანამემამულეს.

ჩვენ ვიცით არაერთი  შემთხვევა საქართველოს ოლიმპიელთა სპორტული გმირობისა და თავდადებისა. ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების გვარ-სახელები. ჩვენ გვინდა, რომ მათ მაგალითზე იზრდებოდნენ ქართული სპორტის მომავალი თაობები.

ჩვენ გვჯერა, რომ ასე იქნება!"

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტი ნილს ნიგაარდი, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ალპერ კასაპოღლუ, მსოფლიო ოლიმპიელ ისტორიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტი  დევიდ ვალეჩინსკი და სხვები.

„ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სახელით მოხარული ვარ მონაწილეობა მივიღო ოლიმპიელთა  ამ სადღესასწაულო შეხვედრაზე. სასიამოვნოა, რომ დღეს დარბაზში მათთან ერთად იმყოფებიან მწვრთნელები, მსაჯები და  მედიცინის მუშაკები. 

საქართველოს ოლიმპიური სპორტის დიდი ისტორია და სახელოვანი ტრადიციები გააჩნია,  მიღწეულია არაერთი   ბრწყინვალე  გამარჯვება.

ოლიმპიური ღირებულებები და  სპორტში ჩართულობა  ჩვენთვის  განსაკუთრებუით მნიშვნელოვანია. როდესაც სპორტით ხარ დაკავებული, თავსაც უკეთესად გრძნობ, უკეთესად ცხოვრობ და მეტ მეგობარს იძენ.

საქართველოს, მის ხალხს ვუსურვებ ნათელ მომავალს და მადლობას მოვახსენებ ქართველ ოლიმპიელებს მათი დიდი დამსახურებისთვის, " - აღნიშნა ნილს ნიგაარდმა.

ფორუმის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ ოლიმპიელთა ხსოვნას, გაიხსენეს საინტერესო ისტორიები მათი სპორტული ბიოგრაფიიდან.

ფორუმზე მიიღეს დეკლარაცია, რომლის ტექსტიც წაიკითხა საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ.

ფორუმის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სეოკ-ის სპეციალური საჩუქარი და ამ დღისთვის გამოცემული კრებული - „საქართველოს ოლიმპიელები." 

ბოლოს, ფორუმის მონაწილეთა პატივსაცემად  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით გაიმართა გალა-მიღება.